მსოფლიო დღეს

გამორთეთ შუქი და კონდიციონერები: იაპონია ელექტროენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. იაპონიის ხელისუფლება მომავალ ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტს ელოდება, ამის გამო აუცილებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ზაფხულში ელექტროენერგია მაქსიმალურად დაზოგოს, განაცხადა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ.
მისი თქმით, ქვეყანა ელექტროენერგიის დაზოგვის რეჟიმს უბრუნდება, რომელიც მანამდე ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაინერგა (2011 წ.) და 2015 წლამდე მოქმედებდა.
ჰაგიუდას განმარტებით, ზაფხულში ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის კოეფიციენტი სამ რეგიონში — ტოკიოში, ტოჰოკუსა და ტიუბუში 3,1%-მდე შემცირდება.

„ზამთარში კი ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი უარყოფითი იქნება. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ელექტროენერგია მაქსიმალურად დაზოგოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, — განაცხადა მინისტრმა.

ამასთან ჰაგიუდამ თხოვნით მიმართა მოსახლეობასა და კომპანიებს, რომ კონდიციონერები დაბალ სიმძლავრეზე ამუშავონ – ისე, რომ შენობებში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, და ჩააქრონ შუქი იქ, სადაც განათება აუცილებელი არ არის.
იაპონიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე გამოდგეს 2012 წლის შემდეგ. მიზეზად დასახელებულია გათხევადებული ბუნებრივი აირის გაძვირება და ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდების სავარაუდო პრობლემები.