გაგოშა და მისი „შუქნიშნები": თბილისში ცნობილი სტრიტ-მხატვრის გამოფენა ეწყობა

„გაგოშა" სოციალურ-შემოქმედებითი ექსპერიმენტებით ცნობილი სტრიტ-მხატვარია.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში Dédicace Gallery-ში 7 ივნისს ცნობილი ქართველი მხატვრის გიორგი გაგოშიძის, იგივე გაგოშას (Gagosh) მულტიმედიური გამოფენა „შუქნიშნები" იხსნება.
„გაგოშას" ნამუშევარი
„სამშაბათს ჩემი გამოფენა „შუქნიშნები", რომელზეც დიდი ხანი ვმუშაობდი და პირველი ინტერაქტიული, მულტიმედია სერიაა, იხსნება „დედიკას" გალერეაში, 7 საათზე. გამოფენა გაგრძელდება 19 ივნისამდე. დათვალიერების გარდა, თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ ინტერაქციის მონაწილე და შუქნიშნებს თქვენ უკარნახოთ მოქმედება", – დაწერა ავტორმა.
შუქნიშნები, როგორც გამოფენის მთავარი კონცეფცია – ესაა მართვის სისტემური მოდელი, რომელიც გარკვეული ქმედებების ნებას გვართმევს, გვიკრძალავს ან უპასუხოდაც გვტოვებს, აღნიშნავენ გალერეაში.
„გაგოშას" ნამუშევარი
„ამ სისტემის შესაბამისად, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველი, რომლებსაც უწევთ შუქნიშნის კანონებს დაემორჩილონ, მეორე, ვინც ადგენს აღნიშნულ წესებს და, მესამე, ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან სისტემურ გადაწყვეტილებებს. მათ შეუძლიათ სისტემასთან ინტერაქცია, გადაწყვეტილებების მოულოდნელად შეცვლა და თავისი წესების შექმნა", – აღნიშნულია გალერეის ანონსში.
ეს სერია იმის საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, რომ თავად განსაზღვროს, რომელი კატეგორიის ადამიანია, დასძენენ გამოფენის ორგანიზატორები.