ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები.
22 საგამოცდო ცენტრიდან 8 თბილისში იქნება, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9,5 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.