რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნას და არც დიდ დროს.
უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:
ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;
ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;
კურკუმა — ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი. დაფქული კურკუმა გარეგნულად ძალიან ჰგავს დაფქულ ზაფრანას.
უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
400 გ ხახვი
1 ლ წყალი
400 გ შაქარი
2 სუფრის კოვზი კურკუმა
ჯანჯაფილი — ცერა თითის ტოლი ნატეხი.
მომზადების წესი
შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სიროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა.
ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამ ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ.
ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.
მიღების წესი
ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ ორ-ორი სუფრის კოვზი — დილით უზმოზე და საღამოს, ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.