დავა პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე: რეაქციები სამთავრობო სარჩელზე

მთავრობის სარჩელი ეხება მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს, და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ვიზიტების თემას, რადგან ეს არის „განყენებული თემა“, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილმა სარჩელმა ოპოზიციის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა გამოიწვია – მმართველ პარტიას განმარტებების გაკეთება მოუწია.
მარტის შუა რიცხვებში საქართველოს პრეზიდენტი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თავისი შეუთანხმებელი ვიზიტებით უცხოეთში და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებებით. ორშაბათს საქართველოს მთავრობამ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის მიერ ელჩების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ წარდგინების აცილების უფლება არ გააჩნია.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას პოლიტიკური სარჩული აქვს.

„დადგა დრო, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეაჩეროს აღვირახსნილი ქმედებები, რასაც ის აკეთებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი დავა. ეს არის დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის ექს-სპიკერმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის, როგორც იურისტისთვის, შემაშფოთებელია ის არგუმენტები, რაც მთავრობამ წარმოადგინა.
„მე ძალიან მაინტერესებს თავად საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის ამის თაობაზე. სად წერია, რომ მას რაიმე განმარტებების უფლება აქვს და არ აქვს ამ თემაზე სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება? დაველოდოთ, ამას პროცესი გვაჩვენებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ გამოხმაურება

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის სარჩელი ეხება მხოლოდ ელჩების დანიშვნას და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს, ვინაიდან ეს არის „განყენებული თემა“.

„ერთადერთი, რასაც გააკეთებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ნორმის განმარტება. ანუ განმარტავს იმას, როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი.
„შესაბამისად, დღეს ეს არის მხოლოდ სპეკულაცია“, – დაამატა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
კობახიძის ინფორმაციით, სარჩელი ეხება ორი პირის დანიშვნას, რაზეც პრეზიდენტმა „გაუგებარი მიზეზით“ უარი განაცხადა.
ეს არის დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, ასევე მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტაზე და კანადაში მის გადაყვანაზე უარი.
„ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება ეკუთვნის მთავრობას. საქართველოც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამ სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც, კობახიძის თქმით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს.
კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვა ბაქრაძის და იმნაძის დანიშვნაზე.
თავის მხრივ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „სრული ბოდვა“ უწოდა საუბრებს იმის შესახებ, რომ სარჩელის შეტანა პრეზიდენტის „დასჯას“ ემსახურება.

„მოქმედება არის არდანიშვნა (ელჩების), ამ მოქმედებით ეწინააღმდეგება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ნორმებს, ეს უნდა დადგინდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიცია თავისი განცხადებებით ცდილობს მიუთითოს, თითქოს პრეზიდენტი არის კონფლიქტის სუბიექტი, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
„არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა თალაკვაძემ.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, გენპროკურორის, მთავრობის და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ქმედებების/უმოქმედობის გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს, 14 აპრილს დაამტკიცა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.
როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ისე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.