აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაიხსნება: თარიღი უკვე ცნობილია

აჭარის ხელისუფლება რეგიონის პოპულარიზაციაზე 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მუშაობს, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ ავტონომიის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
ტურისტული სეზონი რეგიონში, რომელიც აერთიანებს ზღვისა და მთის კურორტებს, როგორც წესი, ივნისის შუა რიცხვებში იხსნება და ჩვეულებრივ ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება.
რიჟვაძის თქმით, აჭარა მზადაა მიიღოს ტურისტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან.

„2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 12 ქვეყნიდან 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება“, – განაცხადა რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, აჭარის ხელისუფლება რეგიონის პოპულარიზაციაზე 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მუშაობს. რეგიონს დაემატა 100-ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი. წელს რეგიონში ოპერირება დაიწყო ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ: Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways, აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.
გარდა ამისა, 2022 წელს პირველად რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა. ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები დუბაის და საუდის არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც.
ამ დროისათვის საქართველოში გახსნილია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრები.
კორონავირუსის პანდემიამდე, რომელმაც ტურიზმის სფერო განსაკუთრებით დააზარალა, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის ამ სფეროს აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ტურიზმმა რეკორდულ წარმატებას 2019 წელს მიაღწია, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაისში საქართველომ 359,2 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 49,7 პროცენტით აღიდგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 264,3 ათასი ტურისტული იყო, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 173,9%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით ნაკადი 62,3%-ით არის აღდგენილი.
წყარო - აჭარის მთავრობა