თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტალიურ კომპანია Eni SpA-ს და ესპანურ Repsol SA-ს საშუალებას მისცემს, ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, დაიწყონ ვენესუელური ნავთობის ევროპაში ექსპორტი, იუწყება Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, პირველი მიწოდებები შესაძლოა ივლისში დაიწყოს. გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ მიწოდების მოცულობა მცირე იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან დიდად იმოქმედოს ნავთობის ფასებზე.
წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ შეთანხმებების მეშვეობით შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ნავთობზე და ამასთან აიძულებენ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, განაახლოს მოლაპარაკებები ადგილობრივ ოპოზიციასთან.
ცნობილი ხდება, რომ იტალიური და ესპანური ენერგოკომპანიები, რომლებსაც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან ერთობლივი საწარმოები აქვთ, ნედლ ნავთობს გადაუხდელი ვალებისა და ვადაგასული დივიდენდების ანგარიშში მიიღებენ.
როგორც ერთ-ერთი წყარო განმარტავს, გარიგების მთავარი პირობა ისაა, რომ ორი ევროპული კომპანიისთვის მიწოდებული ვენესუელური ნავთობი „უნდა წავიდეს ევროპაში. მისი სხვაგან გაყიდვა არ შეიძლება“.
წყარო: Reuters