თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უკრაინაში ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია დაიღუპა, აცნობა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა „პირველ არხს“.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულის ოჯახი მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 13 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - პირველი არხი