საქართველოს თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის გახსნის პოტენციალი აქვს

საქართველოს საჰაერო სივრცის პოტენციალის გამოყენების გაუმჯობესება მთავრობის სტრატეგიის ნაწილია.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახსნას თვითმფრინავების მომსახურების ცენტრი (MRO) – ასეთია ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის დასკვნა.
კვლევა MRO-ს გახსნასთან დაკავშირებით USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით ამერიკულმა კომპანია Frost & Sullivan-მა ჩაატარა.

„ქვეყნისთვის სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტზე „თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი (MRO)“ კვლევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა. კვლევის დასვნით ეტაპზე გადასვლით დავინახეთ, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას პროექტზე“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, კვლევა ზაფხულის ბოლოს დასრულდება და მასში ქართული აეროპორტების პოტენციალის დეტალური ანალიზიც შევა.
საქართველოს საჰაერო სივრცის პოტენციალის გამოყენების გაუმჯობესება მთავრობის სტრატეგიის ნაწილია ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბისა და ევროპასა და აზიას შორის ხიდის განვითარების ფარგლებში.
„აწარმოე საქართველოში“ მსოფლიოში საუკეთესო სააგენტოდ აღიარეს>>
საქართველოს ხელისუფლება მუშაობს როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთების გადაზიდვის განვითარებაზე.