თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უმსხვილესმა რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეფტმა“ გაყიდა თავისი წილი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებში.
ქართულმა კომპანია Petrocas-მა ორშაბათს განაცხადა ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი Petrocas Energy Group-მა შეიძინა. სააქციო პაკეტი Petrocas-ჯგუფის დამფუძნებელმა პარტნიორმა და გენერალურმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.
„ტრანზაქციის შედეგად Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია Petrocas Energy Group-ში, ხოლო კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა“, – ნათქვამია ქართული კომპანიის პრეს-რელიზში.
2014 წლის დეკემბერში Petrocas Energy Group-მა და Rosneft-მა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელშიც „როსნეფტმა“ 49%-იანი მინორიტარული წილი შეიძინა.
2010 წლიდან, მისი დაარსების დღიდან Petrocas Energy Group ჩართულია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოგისტიკურ ბიზნესში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში.
Petrocas Energy Group-ს ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, რომელიც Gulf-ის ბრენდით ოპერირებს.
კომპანია „როსნეფტი“ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების სანქციების სიებშია შეყვანილი.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.