„ჩვენ გვსურს მშვიდობა" - პრემიერი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას გამორიცხავს

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას ელოდება.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება – ქვეყნის ხელისუფლება მშვიდობასა და სტაბილურობას ირჩევს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. თუმცა, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს არის ჩვენი და ჩვენი ხალხის დაკვეთა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ომთან და ომის საფრთხეებთან.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ვერავინ შეძლებს ამის თაობაზე ჩვენი მოსაზრების შეცვლას“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება მიჰყვება დასახულ მიზანს – კეთილსინდისიერად ასრულებს ვალდებულებებს და ახლა ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.
„ჩვენ 2024-ში ვაპირებდით განაცხადის შეტანას, მაგრამ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. ჩვენ კიდევ ერთხელ ველოდებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ევროკავშირის გადაწყვეტილება სიმბოლური იქნება>>>
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება მზად.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი2014 წელს მოაწერა.