ვიქტორია ნიკიფოროვა
რაც უფრო დიდხანს გრძელდება სპეცოპერაცია უკრაინაში, მით უფრო უჭირთ დასავლელ პარტნიორებს თავიანთ რიგებში ერთიანობის შენარჩუნება. როგორც ჩანს, თავდაპირველად მათ ეკონომიკური ბლიცკრიგის იმედი ჰქონდათ. მაგრამ მათი გათვლა არ გამართლდა და დასავლელი პარტნიორების რიგებში ეჭვებმა დაისადგურა.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა New York Times-ში გამოაქვეყნა სვეტი, სახელწოდებით „რას მოიმოქმედებს ამერიკა უკრაინაში და რას - არა“. სტატიაში პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ აწვდის უკრაინას ტონობით იარაღს. მისი თქმით, მხოლოდ იმისთვის, რომ „უზრუნველყოს უკრაინის მაქსიმალურად მომგებიანი პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან“.
საინტერესოა, რომ ბაიდენმა შესამჩნევად შეარბილა ტონი მარტის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ პუტინზე ამბობდა - „ეს ადამიანი უნდა წავიდეს“. „მიუხედავად იმისა, რომ ბატონ პუტინს არ ვეთანხმები და მის ქმედებას აღმაშფოთებლად მივიჩნევ, - მიუთითა მან, - შეერთებული შტატები არ ეცდება მის ჩამოგდებას“.
ამერიკელი პოლიტოლოგები უკვე უხსნიან საზოგადოებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამგვარად მოსკოვს „უგზავნის სიგნალს“ და უკრაინის საკითხზე „ფარული ვაჭრობის“ მზადყოფნას გამოთქვამს.
ბაიდენს კვალდაკვალ მიჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტიც. „არ შეიძლება რუსეთის დამცირება, რათა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ჩვენ შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიის მეშვეობით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის პოლიტკონსულტანტმა ედვარდ ლუტვაკმაც განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი უნდა გახდეს რეფერენდუმი დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში. „რუსეთის დამარცხება - ფანტასტიკის სფეროა“, - აღიარა ექსპერტმა და დასძინა, რომ სანქციების ეფექტი რუსებმა უბრალოდ ვერ იგრძნეს. ცნობილმა ისტორიკოსმა და ეკონომისტმა ერთი მარტივი ჭეშმარიტება შენიშნა: „რუსეთი თავად აწარმოებს საკვებს და ფლობს ენერგიის საკუთარ წყაროებს“. ამიტომ სანქციები არ მუშაობს.
საინტერესოა, რატომ ცვლიან ასე მკვეთრად ტონს დასავლელი პარტნიორები? ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია უკრაინული ჯარის სავალალო მდგომარეობით. „ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს“, - დაიჩივლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პოლიტიკოსების წინაშე ვიდეოგამოსვლისას.
ამავდროულად - მშვიდობიანი რიტორიკა - რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის გაგრძელებაა. კოლექტიურმა დასავლეთმა გააცნობიერა, რომ რუსეთის იზოლაციაში მოქცევის ნაცვლად თავად აღმოჩნდა იზოლაციაში. სტინგერები, ჯაველინები, მრავალმილიარდიანი ლენდ-ლიზი უკრაინისთვის, რუსოფობიური პროპაგანდა, ანტირუსული სანქციები - დღეს მთელი მსოფლიოს თვალში დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ომის გამჩაღებლებად გამოიყურებიან. ამას რამე უნდა ეშველოს. მათაც მშვიდობის მტრედების განსახიერება გადაწყვიტეს. თითქოს მხარს უჭერენ მოლაპარაკებას, მაგრამ რუსეთია გაჯიუტებული. თუმცა რაზე უნდა მოელაპარაკონ რუსეთს, თუ მისი მოთხოვნები ჯერ ვერ შეისმინეს?
ასეთ ფოკუსებს შესაძლოა 80-იანების ბოლოს ჰქონოდა ეფექტი. მაგრამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ხალხმა ბევრი რამ ნახა და ისწავლა ყალბი და ნამდვილი პარტნიორების გარჩევა.
რუსეთში სპეცოპერაციის მასობრივი, გულწრფელი მხარდაჭერა - დასავლური სამყაროსთვის სრულიად მოულოდნელი და მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. რუსები ცხოვრობენ, როგორც აბსოლუტურად სუვერენული ხალხი. არც სანქციებმა უშველა, არც რუსოფობიურმა ისტერიკამ.
გავლენიან ჟურნალში Foreign Affairs რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა სტატია, რომლის ადრესატიც ბაიდენი იყო. სტატია შეიცავს წინადადებებს, თუ როგორი რიტორიკა უნდა გამოიყენო მოსკოვთან საუბრისას. მისი ავტორები არიან ამერიკელი პროფესორი მაიკლ კიმეჯი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე მარია ლიპმანი.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაიდენისა და სხვა ამერიკელი ბობოლების უხეშობა და მუქარა რუსეთის მისამართით საკმაოდ ცუდად აღიქმება რუსების მიერ. „საუბრები რუსეთის დამარცხებასა და დასუსტებაზე მხოლოდ აღრმავებს იმ გაუცხოებას, რომელსაც დასავლეთის მიმართ რუსები გრძნობენ“, - ნათქვამია სტატიაში. მეტიც, როდესაც რუსები ხედავენ, რომ რომელიმე ოპოზიციონერს მხარს უჭერს ვაშინგტონი, ისინი ასეთ ოპოზიციონერს აღარ ენდობიან.
ამიტომ ბაიდენმა მეტი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოს, აშშ-მა კი „თავი მოაჩვენოს, თითქოს საერთოდ არ აინტერესებს რუსეთის საშინაო პოლიტიკა, თავი შეიკავოს კომენტარებისგან და არავითარ შემთხვევაში არ გაამჟღავნოს თავისი კავშირები ოპოზიციურ მოძრაობებთან“.
ამ შემთხვევაში, რუსებმა შეიძლება დაიჯერონ, წამოეგონ და გააკეთონ ყველაფერი, რაც ვაშინგტონს სჭირდება.
სხვა საქმეა, რომ ყველა ეს მიდგომა, ბოროტი და კეთილი გამომძიებლების თამაში, მოცემულ სიტუაციაში არ მუშაობს. რუსეთს აქვს საკუთარი მოთხოვნები - უკრაინის მიმართაც და დასავლეთის ქვეყნების მიმართაც - და ყველას მოუწევს მათი შესრულება. სხვა შემთხვევაში სპეცოპერაცია გაგრძელდება ყველა დასახული მიზნის მიღწევამდე. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე