მსოფლიო დღეს

პოლიგონზე შტოლნი გახსნილია: ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ბირთვული გამოცდისთვის ემზადება

Sputnik
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეაში პუნგერის დემონტირებულ ბირთვულ პოლიგონზე ერთ-ერთი შტოლნი*, სავარაუდოდ, ღიაა, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
მისი აზრით, ეს შეიძლება ფხენიანის ახალი ბირთვული გამოცდისთვის სამზადისზე მიანიშნებდეს.

„პუნგერის ბირთვულ პოლიგონზე შევამჩნიეთ ნიშნები იმისა, რომ ერთ-ერთი შტოლნი კვლავ გახსნილია − შესაძლოა, ბირთვული გამოცდისთვის სამზადისის ფარგლებში. ბირთვული გამოცდის ჩატარება ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და გამოიწვევს სერიოზულ შეშფოთებას“, − განაცხადა გროსიმ IAEA-ს მმართველთა საბჭოს წინაშე გამოსვლისას.

2018 წლის მაისში ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის პოლიგონის დემონტაჟი განახორციელა, თუმცა, სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ფხენიანმა იქ აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყო.
გუშინ, 5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე რადიუსის რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მე-18 გამოცდაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ასევე რვა „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს იმავე მიმართულებით. სეულის განხადებით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.
შტოლნი* − ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე გამოდის და განკუთვნილია მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა მომსახურებისათვის; წოლხვრელი.