თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს.
თანამშრომლებს ქარხნების შესასვლელები სრულად აქვთ გადაკეტილი.
გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაცია, პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით აპირებს „ბორჯომის" ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოყვანილი ხალხით და მათთვის სამ-ოთხჯერ მეტი ხელფასის გადახდას.
„კომპანია მზად არის უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს, ხოლო საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი ორი თვის ხელფასი“, – აღნიშნულია გაფიცული თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ბორჯომის ქარხნების შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება გაგრძელდება ხელფასების დარიცხვამდე, უკანონოდ გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების, სტაჟიორებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლამდე.
გაფიცულები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას როგორც კომპანიას, ასევე მთავრობას აკისრებენ, რადგან, მათი თქმით, „ხელისუფლების მიერ არაფერი გაკეთებულა შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის“.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
მასშტაბური გაფიცვა იმ მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს კომპანიის წილის ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, IDS Borjomi Georgia-ს წილების ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა და ახლა სამართლებრივი ნიუანსები წყდება.
ამასთან, დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა არ ხდება რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.