წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება

წალენჯიხის მოსახლეობას და სტუმრებს მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა და გასართობი ღონისძიებები ელოდება
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. წალენჯიხაში 17-19 ივნისს ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება.
ფესტივალი ატარებს საკულტო ქართველი პოეტის, ესეისტის, გრაფიკოსის ტერენტი კვირკველიას სახელს, რომელსაც ტერენტი გრანელის ფსევდონიმით იცნობენ. ის დაიბადა წალენჯიხაში (მაშინდელი ქუთაისის გუბერნია). წელს გრანელის დაბადებიდან 125 წლისთავს აღინიშნება.
ტერენტი გრანელი
ფესტივალის ფარგლებში წალენჯიხის პარკსა და ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში 15-მდე გამომცემლობის მონაწილეობით წიგნის ბაზრობები გაიმართება.
ლიტერატურული პროგრამა მოიცავს თემატურ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციას, საჯარო ლექციებს და შეხვედრებს თანამედროვე ქართველ მწერლებთან. დაგეგმილია შეხვედრები პაატა შამუგიასთან, დიანა ანფიმიადისთან, ერეკლე დეისაძესთან, რატი ამაღლობელთან, ეკა ტოგონიძესთან, ლაშა ბუღაძესთან, ზვიად კვარაცხელიასთან და სხვებთან.
19 ივნისს წალენჯიხაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია გაიხსნება. იმავე დღეს, დასკვნით საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდება ფესტივალის სპეციალური ჯილდოს - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული.
ფესტივალ „გრანელის“ გასართობ ნაწილში სტუმრებს უჩვენებენ ბესო სოლომანაშვილისა და მარიამ გულბიანის ფილმებს, ასევე იქნება მუსიკალური ღონისძიება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.