საქართველოში ჩაის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა

ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა სულ 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილე ექვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა გადაეცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
„დანადგარების მეშვეობით კოოპერატივები შეძლებენ საკუთარ ფართობში მოყვანილი მაღალხარისხიანი ჩაის გადამუშავებას. რითაც, ერთი მხრივ, გააიაფებენ თვითღირებულებას, მეორე მხრივ, შეძლებენ მოემსახურონ კოოპერატივის ირგვლივ არსებულ პლანტაციებს, რომ შეძლონ ერთგვაროვანი, მაღალხარისხიანი, პრემიუმ კლასის ჩაით უზრუნველყონ როგორც საქართველოს ბაზარი, ისე განახორციელონ ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა ხანიშვილმა.
თავის მხრივ, ზვიად შალამბერიძემ განცხადა, ჩაის წარმოება იმერეთის რეგიონისთვის ტრადიციულია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „ყველა იმ კოოპერატივისთვის და ფერმერისთვის, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და შექმნას დოვლათი“.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 643.000 ლარია. აქედან, სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 329.460 ლარს. პროექტის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო ღირებულების დანადგარები ამ დრომდე სულ 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ რეაბილიტირებული ფართობი 1.670 ჰექტარს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.