თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
ნურ-სულთანის დროით 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრა დასრულდა. ბიულეტენი მიიღო 8.030.739 მოქალაქემ (ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული მოქალაქეების 68,44%).
5 ივნისს ყაზახეთში რესპუბლიკური რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ქვეყნის მოქალაქეები წყვეტდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს. ხმის მიცემის უფლება 11.732.699 ადამიანს ჰქონდა, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
ბიულეტენში იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: „ეთანხმებით თუ არა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესწორებებს და დამატებებს (რეფერენდუმზე გატანილია სულ 56 ცვლილება), რომლებიც მოყვანილია კანონპროექტში „ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“.
იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა ადამიანმა. ეს ნიშნული 14:00 საათზე დაიძლია.
6 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებს და დაასახელებს მოქალაქეთა ზუსტ რაოდენობას, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.