თსუ-ის აკადემიური საბჭო: ფინალური გამოცდები აუდიტორიებში ჩატარდება

ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება–შეფასების სამართლიანი ფორმა, ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
10 მაისს სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა და სექტემბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნება მოითხოვა. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
უნივერსიტეტმა ჰიბრიდულ ფორმატში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გამოცდები მაინც დასწრებულ რეჟიმში ჩატარდება.
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მოახლოებული გამოცდების გამო საგამოცდო ცენტრების დამატების გადაწყვეტილებაც მიიღო.
„აკადემიური საბჭო ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ამიტომ მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნას“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბჭო რეკომენდაციას აძლევს თსუ-ის ადმინისტრაციას, რომ სტუდენტებს, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესთავაზოს საერთო საცხოვრებელში უფასოდ განთავსება ერთი თვის ვადით. ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
თსუ მიიღებს ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში ირიცხებიან>>>
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
თსუ-ის სტუდენტებმა ანალოგიური მოთხოვნით აქცია 2 მაისსაც გამართეს. აქციის მონაწილეებმა აუდიტორიებში სწავლის დაწყება გააპროტესტეს და მოითხოვეს სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელება, რათა რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ.
ამ დროისთვის თსუ-ის შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.