შემოსავლების სამსახური: ყველა ტვირთი კონტროლდება

უწყების განმარტებით, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია უახლესი ინსპექტირების სისტემებით.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. გამშვებ პუნქტებზე არსებული საშუალებების წყალობით ქართველი მებაჟეებისთვის ცნობილია რომელი ტვირთები გადის საზღვრის გავლით და ყველა გადაზიდვა კონტროლდება, ნათქვამია სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული სიუჟეტების საპასუხოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ქართულმა ტელეკომპანიებმა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთიდან რუსეთში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ შეიძლება ამ გზით რუსეთში შედიოდეს სანქცირებული პროდუქცია.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართული ცილისწამება“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქართველი მებაჟეები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ახორციელებენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების შემოწმებას.
„ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეყვანილია სანქციების სიაში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია უახლესი ინსპექტირების სისტემებით, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების სტაციონარული რენტგენო-სკანერით.
საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არაა: ფინანსთა მინისტრი>>>
„გარდა ამისა, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით 24-საათიან რეჟიმში ხდება წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლა სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოში დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.
„საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გაძლიერების მიზნით საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა და დამატებულია ბარგის დეტალური დათვალიერების რენტგენო-სკანერი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში.