თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო დაფიქრებითა და ფრთხილად, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების განცხადებების კომენტარისას.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატების განცხადებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული. უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან გვესმის ისეთი განცხადებები, რომლებიც, ალბათ, დაუფიქრებელი თუ არასაჭიროა იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს", – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეარხ „პალიტრის" ეთერში.
მისი თქმით, გარკვეული საკითხები ევროპარლამენტარების კრიტიკას იწვევს იმ დროს, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან პასუხს ელოდება – სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ევროკომისიის, ხოლო ივნისის ბოლოს – ევროპის კავშირის პირველი შეფასება უნდა იყოს ქართული მხარის განაცხადზე.
მან აღნიშნა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ევროპარლამენტის დეპუტატებთან მათი კრიტიკული განწყობის შესარბილებლად.
„ჩვენ იმათ კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, უნდა ვფიქრობდეთ, როგორ ან რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არ დავიმსახუროთ რაღაც კრიტიკა, ან თუ ვთვლით, რომ არ არის დამსახურებული, ჩვენ ვერ ავხსენით, ან არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომელიც გვინდა, რომ წარვადგინოთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე მიუთითა, რომ ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენი შეიძლებოდა დროებით გადადებულიყო.
„მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, იყო სხვადასხვა ვარიანტი სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ", – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ორშაბათს „ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP), „ნაციონალური მოძრაობის" წინადადებით, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო წლებში EPP „დიდი შეშფოთებით" აკვირდება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის ტენდენციას.
ამ განცხადების პასუხად საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის" განცხადება რეალობას სრულიად სცილდება, ზოგიერთი ფორმულირება კი დაუსაბუთებელია.