„ჩემი ოთახი": ქართული ფილმი კარლოვი-ვარის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალზე ივლისის თვეში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რეჟისორ იოსებ (სოსო) ბლიაძის მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი" კარლოვი-ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ეს ფილმი მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს. ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.
ფილმში მთავარ როლს ასრულებენ თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე. სცენარის ავტორები არიან სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე.
ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართება. კინოფესტივალი 1 ივლისს გაიხსნება და 10 ივლისამდე გასტანს.
„ოთარის სიკვდილი“: ქართული ფილმი კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა>>
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. ის ყოველწლიურად იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია ასობით ფილმი მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი – „ბროლის გლობუსი".
სოსო ბლიაძის პირველი ფილმი – „ოთარის სიკვდილი" შარშან ასევე ჩეხეთში, კარლოვი-ვარის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა.