მსოფლიო დღეს

WP: პეკინს სურს დაეხმაროს მოსკოვს, მაგრამ ეშინია

Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მოსკოვმა არაერთხელ განახორციელა ზეწოლა პეკინზე, რათა მისგან ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი ფორმები მიეღო, რასაც ჩინეთი რუსეთს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაჰპირდა, წერს გაზეთი The Washington Post.
გაზეთის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის მრჩევლებს დაავალა, მოენახათ რუსეთის ფინანსური დახმარების ისეთი გზები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ დაარღვევდა, რაც რთული აღმოჩნდა.

„ჩინეთმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან და რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის მოსკოვის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ საკუთარი სიტუაცია. ჩინეთი ყოველთვის იმოქმედებს ჩინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, — განუცხადა გამოცემას ჩინელმა მაღალჩინოსანმა წყარომ.

მისი თქმით, ჩინეთი რთულ მდგომარეობაშია, რადგან ის ცდილობს დაეხმაროს თავის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს, მაგრამ ისე, რომ თავად არ დაზარალდეს, რაც ძალიან რთულია და თანაც „არასაკმარისი რუსეთის თვალსაზრისით“.
როგორც წყაროებმა აღნიშნეს, რუსეთს არ უთხოვია ჩინეთისთვის იარაღი და საბრძოლო მასალები უკრაინაში ომის საწარმოებლად. მათ უარი თქვეს გაემჟღავნებინათ, ითხოვდა თუ არა მოსკოვი სხვა დახმარებას, რომლის გამოყენებაც სამხედრო მიზნებით იქნებოდა შესაძლებელი — ტექნოლოგიების ჩათვლით.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა ჩინეთი, რომ თუ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსეთს დაეხმარება, პასუხისგება მოუწევს. G7-ის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს პეკინს, არ დაეხმარონ მოსკოვს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა მსგავს პოლიტიკას ჩინეთის საქმეებში პირდაპირი ჩარევა უწოდა.
წყარო: The Washington Post