თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს, განაცხადა ჟურნალისტებთან გვარამიას ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.
ადვოკატის განმარტებით, კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი დარღვეული ხელშეკრულებაა.
„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო. გვარამია თანამდებობიდან ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით“, – განაცხადა ადვოკატმა.
2019 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა. ხალვაშმა ტელევიზიის გენდირექტორის თანამდებობიდან გვარამია გაათავისუფლა და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.
„ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა „რუსთავი 2“-სგან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობით, ეს არის ნიკა გვარამია. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
აღნიშნულ საქმეზე ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს ტელეკომპანიის ახალი მფლობელის მიერ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძისა და რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.