ახლახან ცნობილმა მსახიობმა ჯიმ კერიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა წყალტუბოში გადაღებული ფოტო, რომელიც ერთ-ერთი ფოტოხელოვანისგან შეიძინა და აღფრთოვანება გამოხატა ამ ნამუშევრის მიმართ.
„პირველი არხის“ დილის გადაცემამ ზემოხსენებულ ფოტოგრაფთან რაიან კუპმანსთან ინტერვიუ ჩაწერა. ფოტოხელოვანმა გაიხსენა, თუ როგორ შეიძინა მისგან ნამუშევარი პოპულარულმა მსახიობმა.
„ჯიმ კერი აღიარებული მსახიობია, იმავდროულად ძალიან კარგი მხატვარიცაა. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია ციფრული ხელოვნებით, ამიტომაც გარკვეული კომუნიკაცია აქვს იმ პლატფორმებთან, რომლებზეც NFT არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. სწორედ ასე აღმოაჩინა მან ჩემი სერია, რომელიც წყალტუბოს ფოტოებით შევქმენი. ჯიმ კერი ამ პროექტმა დააინტერესა. მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ჩემმა ნამუშევარმა „ერთგულება“, როგორც ჩანს, ამ ნამუშევართან განსაკუთრებული კავშირი იგრძნო“, – აღნიშნა ფოტოგრაფმა.
მისი თქმით, წყალტუბო მართლაც შთამბეჭდავი ადგილია. ის სავსეა იმ ესთეტიკით, რომელიც მას, როგორც ფოტოგრაფს, ძალიან ხიბლავს.
„ეს ქალაქი სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაზავით გამოირჩევა, მიმზიდველია ბუნება და სიმწვანე, რომელიც ძველ ნაგებობებსა და ურბანულ ელემენტებს ერწყმის“, – განაცხადა რაიან კუპმანსმა.