მსოფლიო დღეს

კრიტიკის შემდეგ მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

Sputnik
თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, პირველად თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაცია“ შეაფასა და მას „ბარბაროსული ომი“ უწოდა, წერს Reuters-ი.
როგორც წყაროებმა აცნობეს გამოცემას, მერკელის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის რჩევების მიცემას არ აპირებს.

„სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას“, − თქვა ყოფილმა კანცლერმა გერმანიის პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის ძალისხმევას – „დასრულდეს ეს ბარბაროსული ომი“.
ანგელა მერკელს მიაჩნია, რომ დასავლეთის ლიდერებმა უნდა განაგრძონ დიალოგი ვლადიმირ პუტინთან, მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსისა.
როგორც Reuters-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მერკელმა თებერვალშივე, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე განაცხადა, რომ „საერთაშორისო სამართლის ამგვარ გამაოგნებელ დარღვევას გამართლება არ აქვს“, მას შემდეგ ექს-კანცლერის ხანგრძლივი დუმილი გაუგებრობას იწვევდა.
უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ანგელა მერკელი და კიდევ რამდენიმე გერმანელი ოფიციალური პირი საჯაროდ გააკრიტიკეს რუსული ენერგეტიკული პროექტების, კერძოდ, „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის მხარდაჭერისთვის. აპრილის დასაწყისში გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთთან მის თანამშრომლობას და „უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში“ ჩართვის მცდელობას შეცდომა უწოდა.
წყარო: Reuters