საბოტაჟს ორი კონკრეტული ამოცანა ჰქონდა - კობახიძე ოპოზიციის მიზნებზე

ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სურდათ ხელისუფლების დაბრუნება და სასამართლო რეფორმის ხელში ჩაგდება, ამტკიცებს „ქართული ოცნება“.
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საბოტაჟის მიზანი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოაწყვეს, იყო ხელისუფლების შეცვლა რიგგარეშე არჩევნების გზით და სასამართლო სისტემაში შეღწევა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი და ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაშინვე გამოაცხადა. ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი შევიდა პარლამენტში.

„კონკრეტული ორი ამოცანა ჰქონდა იმ საბოტაჟს, რაც ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, და ეს იყო სასამართლო სისტემაში შეღწევა. არც ერთი და არც მეორე არ იყო დასათმობი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ ვერ მიიღეს“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ უზენაეს სასამართლოში რომ ჰყავდეს 6-7 მოსამართლე, ან სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში რომ ჰყავდეს რაღაც რაოდენობის მოსამართლეები, ეს გამოიწვევდა სრულ კატასტროფას.
„ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ჩვენი ხალხი გვყავდეს სასამართლო სისტემაში, ჩვენი ამოცანაა, ჯანსაღი პროცედურის საფუძველზე შეირჩნენ მოსამართლეები“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება გააკრიტიკა>>
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა – ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
სასამართლო სისტემა საქართველოში ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, გაატარონ საფუძვლიანი რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში.