თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა 2022-2023 წლების ერთა ლიგის პირველ მატჩში თბილისში გიბრალტართან დიდი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან შეტევა დაიწყო და უკვე მე-12 წუთზე ქართველები ხვიჩა კვარაცხელიას გოლის წყალობით დაწინაურდნენ.
32-ე წუთზე მეტოქის კარის აღება ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოახერხა ჯარიმის გათამაშების შემდეგ – კვარაცხელიას პასის დახმარებით.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა ტემპს უკლეს, თუმცა თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან არაერთი მძაფრი მომენტი შექმნეს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
© photo: Georgian Football Federation / FB
თამაშის ბოლო წუთებზე საბა ლობჟანიძემ ორი ლამაზი პასი გააკეთა – ჯერ მიქაუტაძის, შემდეგ კი ყაზაიშვილის მისამართით. ორივე კომბინაცია გოლით დასრულდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 4:0 დაფიქსირდა.
პარალელურ მატჩში ერთა ლიგის ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები - ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეხვდნენ. სოფიაში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს გასვლაზე 5 ივნისს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.