თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.
მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
წელს აღდგომის დღესასწაული მართლმადიდებლებმა 24 აპრილს იზეიმეს, შესაბამისად, ამაღლების დღესასწაული დღეს, 2 ივნისს მოუწია.
სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.
ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში უამრავი ტრადიცია არსებობს. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.