თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. „ბორჯომის“ მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხნების გაფიცულმა მუშებმა უვადო გაფიცვის მესამე დღეს საპროტესტო აქციით რაიონის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს, ხოლო შემდეგ ნაბიჯად თბილისში მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქციის გამართვა დაასახელეს.
31 მაისს მინერალური წყლის ჩამომსხმელი №1 და №2 ქარხნების თანამშრომლებმა უვადო და საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს, სანამ „IDS ბორჯომის" ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი არ უჭერს მხარს გაფიცვის იდეას და სამუშაო პროცესი გრძელდება.
„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში წასვლას და მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე დარჩენას. თუ ისინი ამ ხალხზე არ ფიქრობენ და არ ჩამოდიან, ეს ხალხი თვითონ წავა იქ“, – თქვა პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ქარხნის თანამშრომლებს საბანკო სესხების გადავადებაში და ჯარიმების ჩამოწერაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ „აქამდე ჩუმად არიან“ და აქციის მონაწილეებს არ უკავშირდებიან.
გაფიცულები მოითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და ხელფასების 25%-ით გაზრდას, შრომის წინანდელი პირობების აღდგენას, თანამშრომლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას, შანტაჟის ფაქტების აღმოფხვრას და პერსონალის დაშინებაში მონაწილეთა გათავისუფლებას.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.