თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრმა კახი ასანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟმა, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ატაცში ჯერ 144 კილოგრამი დააფიქსირა, შემდეგ კი 150 კილოგრამიანი შტანგა მეორე ცდაზე დაძლია და მცირე ვერცხლის მფლობელი გახდა.
21 წლის ასანიძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი აიღო. ახალგაზრდა ძალოსანმა ჯერ 172 კილოგრამი ასწია, შემდეგ კი 176-ს გაუმკლავდა. ასანიძეს ამ მოძრაობაში თურქმა მუჰამედ ოზბეკმა (190 კგ) და პოლონელმა პიოტრ კუდლაშიკმა (181 კგ) აჯობეს.
ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 326 კგ მოაგროვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ოქროს მედალი თურქმა მუჰამედ ოზბეკმა (339 კგ) დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ ტირანაში ეს ქართული დელეგაციის მეორე მედალია. გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ასევე ვერცხლი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (67 კგ).
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 6 ქართველ ძალოსანს ვიხილავთ, მათი გამოსვლის განრიგი კი ასე გამოიყურება:
2 ივნისი, 19:00 (89კგ) – რეზი დავითაძე
3 ივნისი, 22:00 (96კგ) – ირაკლი გობეჯიშვილი
4 ივნისი, 16:00 (102კგ) – ირაკლი ჩხეიძე
4 ივნისი, 19:00 (109კგ) – გიორგი ჩხეიძე
4 ივნისი, 22:00 (87კგ) – ანასტასია გოტფრიდი
5 ივნისი, 18:00 (+109კგ) – ლაშა ტალახაძე