საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა: საუბრის დეტალები

ღარიბაშვილმა ფაშინიანს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა, მეგობარ სომეხ ხალხს კი - კეთილდღეობა და პროგრესი.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეფონით სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ნიკოლ ფაშინიანი 1975 წლის 1 ივნისს იჯევანში დაიბადა. 2018 წლის 8 მაისს ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2021 წლის ივნისში ის ხელახლა აირჩიეს მთავრობის მეთაურად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ფაშინიანს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა, მეგობარ სომეხ ხალხს კი - კეთილდღეობა და პროგრესი. საუბრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის.

მხარეებმა განიხილეს ასევე პარტნიორობის განმტკიცების შესაძლებლობები და ახლო მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური