თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვება პირდაპირ მიანიშნებს, რომ მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი მთელმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს.
მამულაშვილის აზრით, მთელი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს შეუქმნიდა.
„პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყნის არევის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ და, პირიქით, პარლამენტის დატოვება ნიშნავს, რომ ეს არის გამოხატული პირდაპირი განზრახვა ქვეყნის არევის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ სწორედ ამის გამო გამოუცხადა საბოტაჟი პარლამენტს და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე.
„ჰქონდათ იმედი, რომ არევდნენ ქვეყანას. მეორე მხრივ, ვხედავთ იმასაც, რომ ამის რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორჯერ გამოუცხადა ბოიკოტი საპარლამენტო მუშაობას. პირველად ბოიკოტი 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადდა, მეორედ – 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შემდეგ.
ყოველ ჯერზე მიზეზად ცხადდებოდა არჩევნების შედეგების გაყალბება. ბოლოს პარტიამ საპარლამენტო მუშაობა 2022 წლის თებერვალში განაახლა.