„ლელომ“ „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა

19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს, აღნიშნა ხაზარაძემ.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოუწოდებს, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა.
მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ. მაგრამ უკვე ივლისის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების გაუქმების შესახებ განაცხადა და დატოვა ის მას შემდეგ, რაც მას ხელი არ მოაწერა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მოგვიანებით, 2 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მაინც მოაწერა დოკუმენტს.
როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს. მისი თქმით, ეს საკითხი ევროპულმა მხარემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.

„შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნას ელოდება. მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.
„აუცილებლად მიგვაჩნია შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
პარტიამ ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებები, რათა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს.
„ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთი მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და, მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
19 აპრილის შეთანხმება გულისხმობს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებას, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ოპოზიციის მეტი ჩართულობის მიზნით.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. განაცხადი საქართველომდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.