მსოფლიო დღეს

უკმაყოფილო ერდოღანმა გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდი დაადანაშაულა

Sputnik
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თურქეთს ჯერ არ მიუღია წინადადებები, რომლებიც დაარეგულირებდა მის შფოთვებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გეგმებთან დაკავშირებით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ანკარა ორივე ქვეყანას ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომელიც თურქეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
ერდოღანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის გარდა, ტერორისტებს მხარს უჭერენ გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდიც. თუმცა თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად არგუმენტები არ მოუყვანია.
როგორც ერდოღანმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრაზე განაცხადა, ნატო არის „უსაფრთხოების ორგანიზაცია და არა ტერორისტების მხარდამჭერი ორგანიზაცია“, თუმცა ალიანსის წევრები ღალატობენ ამ პრინციპს.

„ისინი იცავენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს შვედეთის, ფინეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდის პოლიციებთან ერთად. ისინი მსვლელობებს აწყობენ პლაკატებით, რომლებზეც გამოსახული არიან ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები“, — განაცხადა მან.

ერდოღანმა წუხილი გამოთქვა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უარი თქვა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვაზე, „მაგრამ იმავდროულად უსასყიდლოდ შეაიარაღა ტერორისტები სირიაში“.
„ეს პრაქტიკა არ შეესაბამება კანონის უზენაესობას. ეს არის ტერორისტული ქვეყნების მეთოდები“, — აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო მოითხოვეს. თურქეთი ალიანსის გაფართოებას ეწინააღმდეგება. მან დაბლოკა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ერდოღანი ამ ქვეყნებისგან წერილობით გარანტიებს, ასევე იარაღის მიწოდებაზე სანქციების მოხსნას მოთხოვს. თურქეთის პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში ამ ორი ქვეყნის დელეგაციებთან მოლაპარაკებით უკმაყოფილო დარჩა.