15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ბრალი არასრულწლოვანს წარედგინა

დაჭრილი არასრულწლოვანი „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. გამოძიების მიხედვით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა.
უწყების ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით.
დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა