თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ბათუმში კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ მფლობელი, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ტელეარხის ინფორმაციით, კომპანიის ოფისში და მის აპარტამენტებში მობილიზებულია შსს-ს სპეცდანიშნულების ძალები და ტარდება ჩხრეკა. კომპანიის და ბიზნესმენის ყველა ანგარიში დაყადაღებულია.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავების მიზეზია ოზთურქის კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მიერ საცხოვრებელი სახლების უნებართვო მშენებლობა. ეს სამშენებლო კომპანიაც „მეტრო ჰოლდინგის“ ნაწილია.