სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

სასწრაფოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აქციების ჩატარებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი ინტერესები არ დაკმაყოფილდება.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასების მომატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით მორიგი აქცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს.
თავდაპირველად სასწრაფო დახმარების თანამშრომლები 27 მაისს შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავდნენ.
როგორც სასწრაფო დახმარების სისტემის თანამშრომლები აქციაზე აცხადებდნენ, ისინი თვეზე მეტია დანამატს აღარ იღებენ, რომელიც მათ სახელმწიფოსგან კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ერიცხებოდათ. მათი თქმით, გამოძახებების რაოდენობა არ შემცირებულა, ამიტომაც ხელფასზე დანამატის გაუქმება უსამართლო გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ეს საუბარი, შეხვედრა და მოთხოვნა ქუჩაში გადავიტანოთ, ჩვენ გვაქვს სურვილი პრობლემა ცივილიზებულად გადავწყვიტოთ. სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ჩვენ მათ შემოთავაზებას ველოდებით“, – განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი აქციების ჩატარებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ სასწრაფოში დასაქმებულთა ინტერესები არ დაკმაყოფილდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე), თუმცა ამის გამო ხელფასი არ დააკლდებათ.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ: რას პასუხობენ უწყებაში>>
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1.200-დან 2.000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2.000 ლარს, ექიმის 1.700-ს, ექთნის 1.300-ს, მძღოლის კი 1.200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). მათ, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები.