თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის დეპუტატების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშით მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე უნდა წარდგეს.
პროცედურის თანახმად, პრემიერმა თავისი ანგარიში მაისის ბოლომდე წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს, ხოლო ივნისში დეპუტატების წინაშე უშუალოდ წარდგეს.
ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლის ზუსტ თარიღს პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს პრემიერთან შეთანხმებით.
რეგლამენტის მიხედვით, პრემიერის მოხსენების დასრულების შემდეგ ანგარიშის განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაიმართება.
ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში ეს მეორე ანგარიში იქნება. პირველი ანგარიში პარლამენტმა 2021 წლის 25 ივნისს განიხილა. 2015 წელს პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ პარლამენტის ნდობა ღარიბაშვილმა ხელმეორედ 2021 წლის თებერვალში მიიღო, როდესაც ამ თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა.