თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი თბილისს 30 მაისს ეწვია. სომხეთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას", რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას ითვალისწინებს.
აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 170,49 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.
პრემიერმა და პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვთ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.