თბილისი, 31 მაისი – Sputnik. არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს კორონავირუსის შემთხვევების მატება. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იღებს, თუმცა, მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული ვერ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში დაღმავალი და სტაბილურია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, მაინც არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.
კულუმბეგოვმა განმარტა, რომ დღეს მსოფლიოში „ომიკრონის“ ქვევარიანტები ცირკულირებს, რაც ჯერ კიდევ აჩენს ინფექციის მასშტაბურად გავრცელების საფრთხეს.
„BA2 ქვევარიანტი გახდა დომინანტური შტამი ამერიკაში. ყველა რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა, ინფექციის გავრცელებამ დიდ მასშტაბებს მიაღწიოს შემოდგომის პერიოდში. ასე რომ, ჯერჯერობით იმის თქმის შესაძლებლობა, რომ პანდემია დასრულებულია და ჩვენ მშვიდად ვიგრძნოთ თავი, არ გვაქვს“, – აღნიშნა მან.
საქართველოში ბოლო კვირაში (23–29 მაისი) კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.657.729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.640.288 ადამიანი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 16.828 ადამიანი.
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.