თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ანაზღაურება ჩაჯდება შესაბამის ჩარჩოში, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დღეს სასწრაფოს თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასების მომატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს.
გამაფრთხილებელი აქცია მათ ჯერ 27 მაისს ჩაატარეს. როგორც სასწრაფო დახმარების სისტემის თანამშრომლები აქციაზე აცხადებდნენ, ისინი თვეზე მეტია დანამატს აღარ იღებენ, რომელიც მათ სახელმწიფოსგან კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ერიცხებოდათ.
მათი თქმით, გამოძახებების რაოდენობა არ შემცირებულა, ამიტომაც ხელფასზე დანამატის გაუქმება უსამართლო გადაწყვეტილებაა.
გაბუნიას განცხადებით, დანამატი უკავშირდებოდა კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებულ სერვისს. მიმდინარე პერიოდში კი კოვიდის დატვირთვასთან დაკავშირებული ანაზღაურების გაცემა შეჩერდა ჰოსპიტალურ ქსელსა და ყველა სხვა სივრცეში. აქედან გამომდინარე, კოვიდ-დანამატი სახელფასო ანაზღაურებაში როლს ვეღარ ითამაშებს.
„ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს მათთან, რათა შედგეს ის ოპტიმალური შეთანხმება, რაც მისაღები იქნება როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც უკიდურესი დატვირთვით მუშაობენ ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
თავის მხრივ, სასწრაფოს თანამშრომლები აქციების ჩატარებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი ინტერესები არ დაკმაყოფილდება.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1.200-დან 2.000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2.000 ლარს, ექიმის 1.700-ს, ექთნის 1.300-ს, მძღოლის კი 1.200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). მათ, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები.