Forbes, Euronews, Conde Nast Traveler: ბათუმი ცნობილი გამოცემების ყურადღების ცენტრშია

ცოტა ხნის წინ ბათუმი ევროპის ქვეყნების „საუკეთესო ფარული მარგალიტების“ რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. უცხოურმა პოპულარულმა გამოცემებმა – Forbes-მა, Euronews-მა, Conde Nast Traveler-მა და სხვებმა ბათუმს სტატიები მიუძღვნეს.

ევროპის წამყვანმა დამოუკიდებელმა ორგანიზაცია European Best Destinations-მა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, ბათუმს ევროპის 2022 წლის „საუკეთესო ფარული მარგალიტების“ რეიტინგში პირველი ადგილი მიანიჭა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, European Best Destinations-ის რეიტინგში მოხვედრის შემდეგ ტურისტული პლატფორმის გვერდზე ინტერესი ბათუმის მიმართ გაიზარდა.
Conde Nast Traveler Spain, Forbes USA, Forbes Brazil, Euronews და Yahoo France იმ 10 გამოცემას შორის არიან, რომლებიც გამოეხმაურნენ რეიტინგს და ბათუმს სტატიები მიუძღვნეს.
Forbes USA მილიონობით მკითხველს უამბობს ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტზე, ისტორიასა და კულტურაზე.
ბათუმი. აჭარული ხაჭაპური
„მდიდარი ისტორიით, მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებით და ევროპის ყველაზე თამამი არქიტექტურით, ბათუმი ასევე საინტერესო მიმართულებაა გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის“, – წერს გამოცემა.
Condé Nast Traveler აცნობს მკითხველებს ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საზღვაო და სამთო ტურიზმის პროდუქტებს.
„როცა ჭამის და დალევის დრო დგება, ბათუმი ისეთი კერძებით გაგაოცებთ, როგორიცაა აჭარული ხაჭაპური, ბადრიჯანი, ხინკალი, ან ჩიხირთმა და, რა თქმა უნდა, ბათუმს კარგი ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე ვერ დატოვებთ“, – აღნიშნულია სტატიაში.
Euronews-ს სტატიაში მოთხრობილია შავი ზღვის რეგიონის თავისებურებებზე, სადაც ტურისტებს პლაჟები და მთის მწვერვალები ხვდება. სტატიაში სიღრმისეულად არის გადმოცემული რეგიონის ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
„გადაეშვი აჭარის მრავალფეროვან პეიზაჟებში და აღმოაჩენ, რომ საქართველოს ეს ისტორიული რეგიონი სავსეა უძველესი არქიტექტურული მარგალიტებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მღელვარე თავგადასავლებით – რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის კულტურაზე, რასაც იუნესკოც კი მოწმობს“, – წერს გამოცემა.
აჭარის ღირსშესანიშნაობები
Forbes Brazil ყურადღებას უთმობს ბათუმის კლიმატს და აჭარის ეროვნულ პარკებს.
„სუბტროპიკული და რბილი კლიმატიდან გამომდინარე, ბათუმის დათვალიერება მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რეგიონის ეროვნული პარკები იუნესკოს სიაში მოხვდა, როგორც მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტები“, – აღნიშნულია სტატიაში.