თბილისი, 30 მაისი – Sputnik. უნგრულმა ლოუკოსტერმა WIzzAir-მა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო 30 მაისს დაგეგმილი ქუთაისი–ბარსელონა–ქუთაისის რეისი გააუქმა.
ავიაგადამზიდავმა რეისი წინა კვირასაც გააუქმა. თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო ქუთაისი–მილანი–ქუთაისის რეისი არ შედგა. კომპანიას მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.
„დღეს, 30 მაისს გაუქმებულია რეისები ქუთაისი–ბარსელონა და ბარსელონა–ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ყველა მგზავრმა ადგილზე მიიღო საჭირო დახმარება და ადგილზე უფასო განთავსება“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
მეტი კომფორტისთვის მგზავრებს ასევე მიეცათ საშუალება შეეცვალათ ბილეთები მათთვის მისაღებ რეისებზე და მიმართულებებზე.
WizzAir-ში აცხადებენ, რომ მგზავრების უსაფრთხოება ავიაკომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაუთვალისწინებელი შემთხვევისა, ყველა მგზავრმა კომპენსაცია დროულად მიიღო.
ამ დროისთვის WizzAir ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 19 მიმართულებით (11 ქვეყანაში).
ავიაკომპანია WizzAir საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მილიონობით მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.