თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი, სახელმწიფო ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე იტალიაში საერთაშორისო ჟურნალის Atelier-ის მთავარი პრემიით დააჯილდოვეს.
ჟურნალი Atelier სამ თვეში ერთხელ გამოდის და თანამედროვე ლიტერატურას ეძღვნება. მას ორი რედაქცია აქვს: ერთი უშვებს ყოველკვარტალურ ბეჭდურ ჟურნალს, მეორე – ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას.
ჟურნალის მთავარი პრიზი „ჩვენი დროის პოეზიისთვის“ პოეტს 28 მაისს ქალაქ ბორგომანეროში გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ლაურეატის ლექსები წაიკითხა არა მხოლოდ ავტორმა, არამედ ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა ჯულიო გრეკომ. ინგლისურენოვანი თარგმანი ეკუთვნის გაბრიელ გრიფინს, იტალიური კი ნუნუ გელაძეს.
ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე 1962 წელს თბილისში მწერალ და ლიტერატურათმცოდნე ელგუჯა მაღრაძის ოჯახში დაიბადა. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მაღრაძის პოეტური დებიუტი 1980-იან წლებში შედგა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ქართული ლიტერატურული ჟურნალი „ცისკრის“ რედაქტორი იყო. 1992-1995 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, 1999-2001 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1997-2010 წლებში – ქართული პენ-კლუბის პრეზიდენტი.
დაჯილდოებულია რამდენიმე ქართული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიით. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებზე. მაღრაძე ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.