წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ხატვა ისევ დაიწყო და ძალიან მალე თვითნასწავლ მხატვრებს შორის სახელიც გაუჩნდა. ხატვის სტილს ხშირად იცვლის და ყველანაირი ნახატი აქვს: პორტრეტები, პეიზაჟები, იმპრესიონისტული თემები. მისი ახალი გატაცება ახლობლებისთვის სასიამოვნი სიურპრიზი აღმოჩნდა. დღეს იგი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
- ქალბატონო ირმა, ბავშვობის მერე როდის გაგიჩნდათ ხატვის სურვილი?
- ბავშვობიდან წლების მერე, ერთ მშვენიერ დღეს ხატვა მომინდა. მაღაზიაში წავედი და ზეთის საღებავები ვიყიდე. ნელ-ნელა დავიწყე. ხატვის მომენტში თავად ვსწავლობდი საღებავებით და ფუნჯით მუშაობას. ხატვისთვის აუცილებელია, რომ ემოციები და შთაბეჭდილებები დამიგროვდეს. ჩემს ახლობლებს თავიდან ძალიან გაუკვირდათ ეს ამბავი, მაგრამ შემდეგ მიეჩვივნენ. ბავშვებს ჩემი ახალი ინტერესი ძალიან ახარებთ.
ირმა სტეფანია
© Photo: courtesy of Irma Stefania
- ხშირად პირველად ვირტუალურ სივრცეში ათავსებენ ხოლმე საკუთარ ნახატებს, მაგრამ თქვენ სოციალურ ქსელებს არ სწყალობდით?
- სოციალურ ქსელებში პირადი გვერდი არასოდეს მქონია და მისი გახსნის სურვილი არ მქონდა. შესაბამისად, ინტერნეტში ჩემი ნამუშევრები არ არის. მაგრამ ასოციალური პიროვნება არ ვარ, არც არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ნახატები აეტვირთა. თუმცა, შესაძლოა, რომელიმე მეგობარს ადრე ედო კიდეც კედელზე.
- პირველად ვისი პორტრეტი დახატეთ?
- პირველად ჩემი შუათანა გოგოს პორტრეტი დავხატე. მისი ბავშვობის ფოტო ავიღე და მის მიხედვით დავხატე. ფერების შერჩევის დროს თვითონ მივხვდი, რა ფერები უნდა გამეზავებინა, რომ კონკრეტული ფერი მიმეღო. ფერების გაზავების პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა: ვიღებ ძირითად ფერებს და მათგან სხვადასხვა ფერი გამომყავს. ამ რუხი ყოფიერების მიღმა შემიძლია მარადიული სილამაზე დავინახო და შევიგრძნო...
ირმა სტეფანიას ნამუშევარი
© Photo: courtesy of Irma Stefania
- დღეს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ხართ...
- შარშან ერთმა მხატვარმა ნახა ჩემი ნამუშევრები. მერე კავშირიდან მოვიდნენ სახლში და ჩემი ნახატები ნახეს, რის მერეც საქართველოს მხატვართა კავშირში გამაწევრიანეს. თანაც, როცა მხატვრების იმ დიდი ოჯახის წევრი ხარ, გამოფენის მოწყობა გაცილებით ადვილია.
- სახლში პატარა გალერეა გაქვთ მოწყობილი...
- დიახ, ნახატები სახლის კედლებზე მაქვს და მათ ჩემი სტუმრები სიამოვნებით ათვალიერებენ. თავიდან ჩემი არცერთი ნახატი არ გამიყიდია. ამის სურვილი არც მქონია. ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა მეგობარს დავუხატე ნახატი და სამსახურში მივუტანე. როცა მისმა თანამშრომელმა ჩემი ნახატი დაინახა, ძალიან მოეწონა. მან შემომთავაზა, რომ ის ნახატი გალერეაში დაგვეკიდა და გაგვეყიდა. მე უარი ვუთხარი, რატომღაც დამენანა ნახატი და ვერ მივეცი.
ნინი მამულაშვილი