თბილისი, 29 მაისი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ხუთ ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი დაესხა თავს. ამის შესახებ ქართული მედია იუწყება.
შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი პირი ტრანსგენდერებთან სახლში მივიდა და სექსმომსახურება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა დასახმარებლად რამდენიმე პირს დაურეკა.
ერთ-ერთი დაზარალებულის ცნობით, მათ სახლთან ოცდაათამდე მამაკაცი მივიდა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ბინაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალებს, ესროლეს ქვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონე მოხუც ქალს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.