თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

გამოფენაზე შესვლის ღირებულება 15 ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს ჭიქა ღვინის დეგუსტაციას.
Sputnik
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 10-12 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO GEORGIA ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელზეც ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.
WinExpo Georgia 2022 უმასპინძლებს:
ღვინის ექსპორტის B2B ფორუმს, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად;
ღვინის აგენტებს, ტრეიდერებს, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, საშუალო და მსხვილ სავაჭრო ქსელებს, საერთაშორისო მედიას;
ღვინის ყველა მოყვარულს, ვისაც სურს დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.
დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ინგრედიენტები და დანამატები, შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა და მინის ნაწარმი და აქსესუარები.