თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო პერიოდში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
აქედან 12 სამართალდარღვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, იმერეთში - ხუთი ფაქტი, აჭარაში - ერთი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
ბრძოლა ხეტყის ჭრასთან
საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ უკომპრომისო ბრძოლას იწყებს ტყის უკანონო ჭრასთან.
პრობლემის მოსაგვარებლად სატყეო სააგენტო ხეტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. კერძოდ, სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში. ასეთი 26 „საქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და შიდა ქართლში.
ეტაპობრივად გაუქმდება ე.წ. სოციალური ჭრები – როდესაც მოსახლეობას შეეძლო ხეების მოჭრაზე ლიცენზიის მიღება.
„საქმიანი ეზოები“, რომელთა საერთო რაოდენობა მომავალში 91-ს მიაღწევს, სატყეო რეფორმის ფარგლებში მოეწყო და იგი ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ინტენსიურად ხორციელდება. „საქმიანი ეზოები“ ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ხელს უწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით – თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.