თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტ „ვალეს“ ფუნქციონირება ივლისამდე იქნება შეჩერებული, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
„ვალე“ 25 აპრილიდან დაიკეტა. შეზღუდვის მიზეზია თურქეთის მხარეს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდებოდა, მაგრამ ვადები გადაიწია.
„თურქული მხარის თხოვნით, სარემონტო სამუშაოების წარმოების გრაფიკის ივლისის ჩათვლით გადავადების გამო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება „ვალეს“ ალტერნატივის სახით სთავაზობს „კარწახის“ გამშვებ პუნქტს, რომელიც ახლა „გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს“. „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად „კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადანაწილდნენ.
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება“, - აღნიშნეს სამსახურში.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტ „კარწახის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 5 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი, ხოლო გავიდა 9.200 სატრანსპორტო (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შესაბამისად 233% და 513%-იანი ზრდა).
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ვალე“ მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალესთან. საქართველოსა და თურქეთს შორის ასევე ფუნქციონირებს „სარფის“ (აჭარა) და „კარწახის“ (სამცხე-ჯავახეთი) გამშვები პუნქტები.
უწყების ინფორმაციით, თურქეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.
წყარო - შემოსავლების სამსახური