თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ინციდენტი 26 მაისს, სოფელ ვახტანგისში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, კონფლიქტის დროს ი.კ.-მ გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის თანასოფლელ რ.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე კი რ.მ.-მ დანით ი.კ. დაჭრა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა